ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

23 თებერვალი, 2026

აკადემიური გამოცემების „ქართლის ცხოვრება“, მესამე ტომისა და ორტომეულის „მეფე პოეტები“ პრეზენტაცია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ორი მნიშვნელოვანი აკადემიური გამოცემის „ქართლის ცხოვრება“, მესამე ტომისა და ორტომეულის „მეფე პოეტები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ისტორიკოსებმა გონელი არახამიამ და გია გელაშვილმა, ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის დირექტორმა ლანა გრძელიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
გამოცემები წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიული და ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშებს და მიზნად ისახავს ისტორიული წყაროებისა და სამეფო პოეტური ტრადიციის ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც მკვლევართათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
„ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომში თავმოყრილია XVIII საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა მნიშვნელოვანი თხზულებები: სწავლულ კაცთა კომისიის მიერ შედგენილი „თამარის ისტორია“, სეხნია ჩხეიძის „ისტორია“, პაპუნა ორბელიანის „ამბავი ქართლისანი“, ომან ხერხეულიძის „შემოკლებული ისტორია“, აგრეთვე XVII საუკუნის ისტორიკოსის, ფარსადან გორგიჯანიძის, თხზულება „საქართველოს ცხოვრება“. წარმოდგენილი ტექსტები მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების კვლევისათვის.
ორტომეულში „მეფე პოეტები“ გაერთიანებულია ქართველი მეფეების დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, თამარ მეფის, თეიმურაზ I-ის, არჩილ II-ის, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის პოეტური შემოქმედება. ტექსტები მომზადებულია აკადემიური სიზუსტით და ეყრდნობა როგორც უკვე არსებულ სამეცნიერო გამოცემებს, ისე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს. გამოცემებში გამოყენებულია აღნიშნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ციფრული ასლები, რაც გამოცემებს დამატებით წყაროთმცოდნეობით ღირებულებას ანიჭებს.
ორტომეული „მეფე პოეტები“ მომზადდა აა(ი)პ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ მიერ, გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომი გამოსცა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური ცენტრისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ფინანსური მხარდაჭერით.
წიგნების შეძენა შესაძლებელია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წიგნების მაღაზიაში.